ე.წ. სუროგაციის საქმეზე ბრალდებულებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2026
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სუროგაციის საქმეზე დაკავებულ შპს „ქინდერლი ჯორჯიას" დამფუძნებლებს, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა აღნიშნულ საქმეზე სომხეთის მოქალაქე გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, უკრაინის მოქალაქეს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მათ საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს თბილისში დაარსებული ჰქონდათ შპს „ქინდერლი ჯორჯია", რომელიც წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის.
„კომპანიის სახელით ბიოლოგიურ მშობლებთან ხელშეკრულებებს დებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ, რომ სუროგატ დედებს მოიძიებდნენ და ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული გზით ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ისე სუროგატი დედების კუთვნილი 2 მლნ ლარზე ლარზე მეტი თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები, მათგან ერთი დაუსწრებლად საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება) სრულად ცნო დამნაშავედ.
ყველა ახალი ამბავი
0