პაპუაშვილი: PABSEC-ის როლი შავი ზღვის რეგიონში დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე

© Сourtesy of Georgian Governmentშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2026
გამოწერა
საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის რანგში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას (PABSEC) მასპინძლობს
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით, ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის რანგში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს - საორგანიზაციო და კომიტეტების სხდომები თბილისში 29 ივნისს გაიმართა, ძირითადი პლენარული სესია კი დღეს, 30 ივნისს გაიხსნა. მიმდინარე საპარლამენტო ფორუმის მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენს: „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში“.
ამასთან, როგორც სპიკერმა აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონისთვის ხელოვნური ინტელექტი ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად.

„ჩვენი გენერალური დებატების თემა ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება. ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის გასაუმჯობესებლად, საზღვრების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განსავითარებლად, და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ამ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გონივრულ მმართველობას და პასუხისმგებლიან რეგულაციებს მოითხოვს, რათა ინოვაციები ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებოდეს და ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განვითარებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, PABSEC-ი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი და დღესდღეობით მისი როლი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა და ახალი ტექნოლოგიური გარდაქმნები ცვლის როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ფართო საერთაშორისო წესრიგს, დასძინა მან.
„გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, PABSEC-მა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების კეთილდღეობაზე. BSEC-ისა და შემდგომში PABSEC-ის ბრძენმა დამფუძნებლებმა სწორედ „ეკონომიკა“ აქციეს ჩვენი ორგანიზაციის მისიის ქვაკუთხედად, რაც თავად ორგანიზაციის სახელწოდებაშიც ჩანს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა.
„მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა „შუა დერეფნის" განვითარებამ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით, შეგვიძლია ჩვენი რეგიონი მიმზიდველ და საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებსა და კონტინენტებს შორის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ასამბლეა ძალიან აქტიური იყო და მან, როგორც ასამბლეის პრეზიდენტმა ასამბლეის სახელით რიგ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
PABSEC და საქართველო
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა რეგიონის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს. ის აერთიანებს BSEC-ის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს და მუშაობს რეგიონული თანამშრომლობის, ეკონომიკური ურთიერთქმედების, ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ეკოლოგიისა და ჰუმანიტარული კავშირების საკითხებზე.
საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა, მონაწილეობს BSEC-ისა და PABSEC-ის მუშაობაში. ასამბლეის თავმჯდომარეობა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, კოორდინაცია გაუწიოს ორგანიზაციის საპარლამენტო დღის წესრიგს, გამართოს სხდომები და წინ წამოსწიოს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.
საქართველოს თავმჯდომარეობის ვადის დასრულების შემდეგ, ასამბლეის ხელმძღვანელობა საბერძნეთს გადაეცემა.
ყველა ახალი ამბავი
0