მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს

© Courtesy of Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2026
გამოწერა
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში 28 თებერვალს დაიღუპა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს, იუწყება ქართული მედია ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო wanaen.com-ზე დაყრდნობით.
აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში, იმამ რეზას სალოცავში 9 ივლისს დაკრძალავენ. მანამდე, 4 ივლისიდან სამგლოვიარო ცერემონიალი თეირანში, ყუმში, მეშჰედსა და ერაყის ნაწილში ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება და ირანის მოსახლეობას საშუალება ექნება დაემშვიდობოს ყოფილ უზენაეს ლიდერს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკრძალვისა და სამგლოვიარო ცერემონიაზე მიწვეული არიან უცხო ქვეყნის დელეგაციები. მათ შორის — თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ასევე საქართველოს წარმომადგენლები.
აღინიშნება, რომ ქართული მხარე, შესაძლოა, მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი, თუმცა, პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებ ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ირანის ვიცე-პრეზიდენტ მოჰამედ რეზა არეფის განცხადებით, უცხოელი მაღალი თანამდებობის პირები თეირანში პარასკევს ჩავლენ. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ირანის ოფიციალურ პირებთან.
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში 28 თებერვალს დაიღუპა.
მიმდინარე წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
8 მარტს ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის უზენაეს ლიდერად აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მუქარისა, რომ წინ აღუდგებიან მის არჩევას.
ყველა ახალი ამბავი
0