პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე პროკურატურას მიმართა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2026
გამოწერა
საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება 26 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება 26 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები. პარტიაში „საქართველოსთვის“ მომხდარში მმართველი პარტიის დეპუტატებს ადანაშაულებენ.
„ორგანიზებული დანაშაული ჩვენზე განხორციელდა მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერ- მინისტრს და მის არაკომპეტენტურ სამთავრობო გუნდს არ ჰქონდა პასუხები არც ერთ იმ შეკითხვაზე, რომელიც ჩვენ დავსვით", - განაცხადა დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ხოლო „თავდასხმას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გამოძიება კვლავაც არ დაწყებულა“.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც გახარიას პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა. შეხლა-შემოხლა მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაიწყეს. თავდაპირველად ჩხუბი ოპოზიციონერ გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძეს შორის მოხდა.
ამის შემდეგ ჩხუბში ჩაერთვნენ მმართველი პარტიის სხვა დეპუტატები: სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, თავისუფალი სტილით ყოფილი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გახარიას გუნდის საჩივარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, შედეგები თავად მომჩივანი მხარისთვის არ იქნება სახარბიელო. მისი მტკიცებით, სწორედ გახარიას პარტიის წევრები იყვნენ პროვოკაციისა და შეურაცხყოფის ინიციატორები.
ყველა ახალი ამბავი
0