ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტს ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

© Ministry of Finance of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2026
გამოწერა
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები ყაზახეთის ხელისუფლების პირველ პირებთან, აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ყაზახეთში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
დღეს, საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევითან და პრემიერ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრები, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს ყაზახეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებისთვის.
„ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ვიზიტი. გაიმართება მრავალი ორმხრივი შეხვედრა – ორ ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის, ასევე ყაზახეთის პრეზიდენტთან. გარდა ამისა, გვექნება შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომელთა ფარგლებშიც განვიხილავთ თუ როგორ გავაღრმავოთ კიდევ უფრო მეტად თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა „შუა დერეფნის“ ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებას.
„მინდა განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი ორი ქვეყნის როლი „შუა დერეფნის" კონტექსტში, ვინაიდან ამ მარშრუტით ტვირთბრუნვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და კვლავ აგრძელებს ზრდას. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყაზახეთთან და ჩვენს ერთობლივ ინიციატივებს პრაქტიკულად ყოველთვიურად მოაქვს რეალური შედეგები. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ შემდგომ თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში“, — აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მისი ქმით, ვიზიტის შედეგად იგეგმება თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.
საქართველო და ყაზახეთი
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარების ხელშეწყობაა.
გაერთიანების დამფუძნებლები არიან კომპანიები, რომლებიც შექმნილია და საქმიანობენ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით. უახლოეს მომავალში საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავენ.
ყველა ახალი ამბავი
0