„კანონდამრღვევები“: პაპუაშვილი არასამთავრობოებზე, რომლებმაც სტრასბურგს მიმართეს

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2026
გამოწერა
ევროპულმა სასამართლომ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივების კონფისკაციის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საბანკო ანგარიშებსაც თბილისის სასამართლომ ყადაღა დაადო, კანონდამრღვევები არიან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპულმა სასამართლომ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივების კონფისკაციის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
„ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ეს ორგანიზაციები კანონდამრღვევები არიან, ისინი პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და კანონმორჩილებაზე დაფუძნებულ წესრიგს. შესაბამისად, მთავარი დასკვნა, რომლამდეც უნდა მივიდეთ, არის შემდეგი: საქმე გვაქვს კანონდამრღვევებთან, რომლებსაც ამისკენ უცხოური დაფინანსება უბიძგებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ცნობილია, რომ ეს ორგანიზაციები არ არიან დარეგისტრირებული გამჭვირვალობის რეესტრში, მათი სპონსორები კი დაფინანსებას კი არ წყვეტენ, არამედ ზრდიან მას, რითაც ხელს უწყობენ საქართველოში უკანონობას, რაც აღმშფოთებელი ფაქტია.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით გადაწყვეტილების მიღებამდე.
„საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა, მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და არც სტრასბურგმა შეაჩერა მისი მოქმედება. არც სტრასბურგს და არც საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუჩერებიათ კანონის მოქმედება განხილვის პერიოდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვალდებული არიან დაემორჩილონ კანონს“, – განაცხადა მან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის", „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და „საფარის" საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.
„საქმის არსებითი განხილვის ამ რეჟიმში დაწყება მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას, ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზებასა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების დევნას, დაექვემდებარება საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას და ვერ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორგანიზაციებმა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბერს მიმართეს.
2025 წლის აგვისტოში, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები დააყადაღა, რომლებმაც 2024 წელს საქართველოში მიმდინარე არეულობები დააფინანსეს.
პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული ორგანიზაციების მიზნობრივი ფინანსები გამოიყენებოდა საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის ისეთი აღჭურვილობისშესაძენად, როგორიცაა სპეციალური აირწინაღები, ჩაფხუტები, სახის დასაფარი ნიღბები, პირბადეები, დამცავი სათვალეები, ხელკეტები და სხვა საშუალებები. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები იხდიდნენ ჯარიმებს სამართალდამრღვევების ნაცვლად, ადვოკატის მომსახურებას და ხარჯავდნენ თანხებს სხვა პირად ან ორგანიზაციულ საკითხებზე.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ფონზე მიიღეს, ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0