გადაწყვეტილება მიღებულია: ელენე ხოშტარიას კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ

© photo: Sputnik / Stringerელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2026
გამოწერა
აღნიშნული განცხადება პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თანახმა ვართ, მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ.
აღნიშნული განცხადება პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია უკვე ათი თვეა რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. გასულ კვირაში ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა: აღენიშნება სახსრების ტკივილი, გადასაადგილებლად კი ხელჯოხის გამოყენება უწევს. გარდა ამისა, ბოლო დღეებში პოლიტიკოსის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები აქტიურად საუბრობდნენ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მწვავე გაუარესების შესახებ.
პატარიძის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსჯავრდებულ ხოშტარიას დაახლოებით ორ დღეში კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ.
„ქალბატონ მაკა იოსელიანსა და ანა ქავთარაძესთან შევთანხმდით, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედი“, სადაც ქალბატონი მაკას და ანას მეთვალყურეობით მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს“, – განაცხადა პატარიძემ.
ამასთან, როგორც პატარიძემ განაცხადა, აღნიშნული თემით სპეკულაციები მსჯავრდებულზე უარყოფითად აისახება.
„სპეკულაციები, რომლებიც ამ დღეებში იყო, ზოგადად, თითოეულ მსჯავრდებულზე აისახება ძალზედ უარყოფითად. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალიზირებულ ექიმთან შეხვედრა, გასულია ორი დღე და პრაქტიკულად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც არის მსჯავრდებულ ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამ დღეებში აღვნიშნავდით, სწორედ დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეჭვი ჰქონდათ კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები იქნება ჩატარებული ამ დაავადების მიმართულებით. საბედნიეროდ, მას ეს დაავადება არ დაუფიქსირდა. არაერთგზის ჩატარდა შესაბამისი კვლევები“, – აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
გასულ კვირაში უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდებული ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.
როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, ხოშტარიას „დიაგნოზის აბსოლუტური უმრავლესობა“ დაწესებულებაში მის მოთავსებამდე იყო დადგენილი - ეს არის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც პერიოდული გამწვავებით ხასიათდება.
უწყების განცხადებით, მსჯავრდებული გასინჯა კარდიოლოგმა, ნევროლოგმა, ოფთალმოლოგმა, გინეკოლოგმა, ფსიქიატრმა და რევმატოლოგმა. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლის და ზურგის ტვინის МРТ-კვლევა. ხოშტარიას რევმატოლოგის ბოლო კონსულტაცია ჩაუტარდა 2026 წლის 5 ივნისს, გაიცა რეკომენდაცია და განხორციელდა შესაბამისი კვლევები. დაენიშნა მკურნალობა, მოქმედი გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისად.
24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს - ბრალდების მხარის მტკიცებით, კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.
აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 - ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა გირაოს გადახდაზე მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0