კობახიძე: ქართველმა სპორტსმენებმა მედლების ისტორიული რეკორდი დაამყარეს

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2026
გამოწერა
ხელისუფლება 40 მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტებს ამზადებს.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. გასულ წელს ქართველმა სპორტსმენებმა 1.935 საერთაშორისო მედალი მოიპოვეს, რაც 450-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
მისი თქმით, ისტორიულ შედეგებს მიაღწიეს კალათბურთისა და წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებებმაც, ძიუდოისტებმა კი თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
„საქართველოში საანგარიშო პერიოდში მთლიანობაში გაიმართა 20-ზე მეტი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი 16 სახეობაში, მათ შორის კიდევ ერთხელ ვუმასპინძლეთ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს. 2029 წლისთვის მივიღეთ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ძიუდოში“,- განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე დაანონსა სპორტული ინფრასტრუქტურის მასშტაბური განვითარება.
ხელისუფლება 40 მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის, 11 სტადიონის, 54 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და რაგბის 30-ზე მეტი ცენტრის მშენებლობის პროექტებს ამზადებს - საფეხბურთო და რაგბის ტექნიკური ცენტრების საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 450 მილიონ ლარს შეადგენს.
„ამ ყველაფრის შედეგად სრულიად სხვა დონეზე გადავა საქართველოში როგორც მასობრივი სპორტის განვითარება, ასევე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება“, -განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თბილისში დასრულდა ყინულის სასახლის მშენებლობა, ჩატარდა ოლიმპიური რეზერვის მომზადების ეროვნული ცენტრის რეკონსტრუქცია, რუსთავში გაიხსნა ფეხბურთის ტექნიკური ცენტრი ორი მოედნით, ასევე დასრულდა სპორტის უნივერსიტეტის პროექტირება.
ყველა ახალი ამბავი
0