„ტვ პირველი“ 2500 ლარით დაჯარიმდა

© photo: Sputnik / Stringer100-ლარიანი კუპიურები
100-ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2026
გამოწერა
კომისიამ დაადგინა, რომ მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების ან ჟურნალისტების მხრიდან და გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი“ ახალი ამბების გაშუქებისას მიუკერძოებლობის წესების დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
კომისიამ მაუწყებლის მონიტორინგი 11 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, კანონის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში აღნიშნულ საინფორმაციო პროგრამებში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე მოხდა.
„მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
კომისიამ დაადგინა, რომ მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების ან ჟურნალისტების მხრიდან და გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები.
„მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. მოცემულ შემთხვევებში კი მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას“, - აღნიშნავს კომისია.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კანონდარღვევის გამო, მაუწყებლის მიმართ სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება მიმდინარე წელს უკვე გამოყენებულია და ტელეკომპანიამ დარღვევა განმეორებით ჩაიდინა, კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური სანქციით დააჯარიმა.
ყველა ახალი ამბავი
0