ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო პროექტები დასკვნით ეტაპზეა

© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaლევილის მამული
ლევილის მამული - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2026
გამოწერა
ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე სამუშაო ვიზიტით ლევილის ქართველთა მამულს ეწვია და ადგილზე განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო პროექტების დასკვნით ეტაპზე არსებული მდგომარეობა შეაფასა და მიმდინარე პროცესებს გაეცნო.
"გაიმართა შეხვედრა ლევილის მერთან, ერიკ ბრევთან და კონტრაქტორ კომპანიებთან, რომელზეც დეტალურად განიხილეს თითოეული მიმართულებით სამუშაოების შესრულების პროგრესი, არსებული საჭიროებები და სამუშაოების დასრულების ეტაპზე გასათვალისწინებელი ტექნიკური საკითხები", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ფინალურ ფაზაშია. ამჟამად სამუშაოების ინტენსიური კოორდინაცია მიმდინარეობს, რათა ყველა კომპონენტი დადგენილ ვადებში და მაღალი სტანდარტების შესაბამისად შესრულდეს.
მამულის ისტორია
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა.
მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი.
სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.
ტერიტორიაზე მდებარეობს ასევე ლევილის ქართველთა სასაფლაო, სადაც დაკრძალულია ასობით ქართველი ემიგრანტი, მათ შორის გამოჩენილი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეები.
ყველა ახალი ამბავი
0