ეკონომიკური პოტენციალი და ახალი კონტაქტები - მარიამ ლაშხის ტაილანდში ვიზიტის შედეგები

© Courtesy of Parliament of Georgiaმარიამ ლაშხი
მარიამ ლაშხი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2026
გამოწერა
ტაილანდში ვიზიტი „Parliamentarians in the Field Programme“-ის ფარგლებში გაიმართა
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, რომლის სრულად რეალიზებისთვისაც ეფექტური საჯარო პოლიტიკა და საერთაშორისო პარტნიორობაა საჭირო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ტაილანდში სამუშაო ვიზიტის დროს.
ლაშხის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა პარლამენტარებს ევროპარლამენტიდან, ასევე იტალიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, გაერთიანებული სამეფოს, სინგაპურისა და მონღოლეთის პარლამენტების წევრებს.
„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, შუა დერეფანი, ახალგაზრდა ეკონომიკა, მოქნილი სახელმწიფო და ძლიერი ადამიანური რესურსი. სწორი პოლიტიკა და სწორი პარტნიორები ამ პოტენციალს რეალობად აქცევს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მსოფლიო ბანკის ჯგუფისა (WBG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საპარლამენტო ქსელის მიწვევით, მარიამ ლაშხმა ტაილანდის ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პოლიტიკის ოფისის გენერალურ დირექტორის მოადგილესთან, ნადჰავუდ დამასირისთან, მსოფლიო ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრების ფარგლებში განიხილეს ტაილანდის ფისკალური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური მართვის ძირითადი პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურბანული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, არაფორმალური დასახლებების რეგულარიზაციასა და ეკონომიკური განვითარების თანამედროვე გამოწვევებს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ასევე ტაილანდური კომერციული ბანკის (Thai Credit Bank) წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების შესაძლებლობები და ეკონომიკური განვითარების პროცესში კერძო სექტორის როლის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
ტაილანდში ვიზიტი „Parliamentarians in the Field Programme“-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპარლამენტო ქსელის ინიციატივაა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებს განვითარების პოლიტიკის, ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ივლისს დამყარდა.
ბოლო პერიოდში ორმხრივი ურთიერთობები ქვეყნებს შორის გააქტიურდა. 2022-2023 წლებში გაიმართა ორივე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენელთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტები როგორც ბანგკოკში, ისე თბილისში.
2024 წლის 15 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში უვიზოდ ყოფნა 60 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0