მაკა ბოჭორიშვილი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2026
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღინიშნა საქართველოს როლი დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების თანახმად, ოთხშაბათს გამართული შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობაზე, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
„ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და დიალოგის მნიშვნელობას მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში“, - აღნიშნეს უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღინიშნა საქართველოს როლი დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.
„შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
საქართველო და იტალია
საქართველომ და იტალიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 11 მაისს დაამყარეს. იტალიაში საქართველოს საელჩო 1994 წელს გაიხსნა, ხოლო ექვსი წლის შემდეგ რომმა თავისი წარმომადგენლობა გახსნა თბილისში.
ქვეყნებს შორის გაფორმებულია რიგი შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება და სხვ.
დინამიურია როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა. 2018 წელს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ეწვია, ხოლო 2022 წელს იტალიაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტი შედგა.
2023 წელს ოფიციალური ვიზიტებით იტალიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ეწვივნენ. დარჩიაშვილის ვიზიტის ფარგლებში, 2023 წლის 21 აპრილს, ორ ქვეყანას შორის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ.
დიალოგის მიზანია უკვე არსებული ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა და თანამშრომლობის სფეროების გაფართოება. ფორმატი მოიცავს ოთხ თემატურ მიმართულებას: პოლიტიკას, თავდაცვასა და უსაფრთხოებას, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთქმედებას.
2004 წლიდან პერიოდულად ტარდება ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმები. ეკონომიკის პერსპექტიული და პრიორიტეტული დარგებია მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
თბილისში 2006 წელს დაფუძნდა „დანტე ალიგიერის" საზოგადოება, რომლის მიზანია იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, ხოლო 2010 წელს რომში, ვილა ბორგეზეს პარკის ხეივანში გაიხსნა დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლი.
ყველა ახალი ამბავი
0