ცრუ ბრალდებების ნაკრები! ხელისუფლებამ PACE პოლიტიკურ თავდასხმაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Dominik Buten / გადასვლა მედიაბანკშიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2026
გამოწერა
რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია „ღრმა შეშფოთება“ საქართველოში არსებული ვითარების გამო, ასევე საუბარია ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე, პოლიტიკურ კრიზისსა და განსხვავებული აზრის მქონე პირებზე ზეწოლაზე.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულმა რეზოლუციის პროექტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და მისი მოკავშირეების კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც დოკუმენტს პოლიტიკურად მოტივირებული და არასანდო უწოდეს.
ანგარიშთან დაკავშირებით კენჭისყრა 24 ივნისს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზეა დაგეგმილი. რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია „ღრმა შეშფოთება“ საქართველოში არსებული ვითარების გამო, ასევე საუბარია ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე, პოლიტიკურ კრიზისსა და განსხვავებული აზრის მქონე პირებზე ზეწოლაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დოკუმენტი შეიცავს მცდარ ინფორმაციას და ეფუძნება არასანდო მონაცემებს.
„რეზოლუცია გაჯერებულია არასწორი ინფორმაციით და დასკვნებს ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ. ამაში სიახლე არაფერია, ისინი ასეთ რეზოლუციებს პერიოდულად იღებენ ხოლმე. მათი მიზანია - ქვეყანაში ვითარება დაძაბონ და საქართველო თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ", - განაცხადა შარმანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საგარეო ზეწოლა ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე გავლენას არ ახდენს.
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის განცხადებით კი მსგავსი დოკუმენტები პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება და ხელისუფლებისთვის პრაქტიკულ ღირებულებას არ წარმოადგენს.
ჩვენ ვხედავთ ტყუილებით სავსე დოკუმენტს. ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის პრობლემების ორმხრივი აღიარების პირობებში, დასძინა დეპუტატმა.
პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს პროგრესის შეფასება და ამავე დროს ევროსაბჭოს რეზოლუციაში „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბარი ერთმანეთთან შეუთავსებელია.
„როგორ შეიძლება, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურად აფასებდნენ საქართველოს წინსვლას და ამავე დროს ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ რეზოლუციაში „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობდნენ? ეს ყველაფერი ერთმანეთთან თავსებადი არ არის და სწორედ ამიტომ აღარ სჯერა არავის ევრობიუროკრატიის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისა თუ ქმედებების“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, პმონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი შეშფოთებას გამოხატავენ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო და აფრთხილებენ მხარეებს დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის გაუარესებისა და პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის რისკების შესახებ.
რეზოლუცია ასევე შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს ცალკეული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დოკუმენტში შეფასებულია როგორც „რეპრესიული“, ასევე შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და გააძლიეროს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ყველა ახალი ამბავი
0