საქართველო და იტალია ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავენ

© Kakha Kaladzeთბილისის მერი და იტალიის ელჩი
თბილისის მერი და იტალიის ელჩი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2026
გამოწერა
საქართველომ და იტალიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 11 მაისს დაამყარეს.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელთან სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა განიხილა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე იმსჯელეს.
„ალბათ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ იტალიასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. მზად ვარ, ყველანაირად შევუწყო ხელი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პარტნიორ-ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება.
„საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული ევროპული კურსი, თუმცა ვხედავთ არასამართლიან დამოკიდებულებას ამ გზაზე. ჩვენ არავის ვებრძვით, ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს ვიცავთ“, — განაცხადა მან.
თავის მხრივ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იტალიის მზაობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება. იტალია მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სწრაფვას ევროსტრუქტურებში“, - აღნიშნა ედმონდო ჩირიელიმ.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო დაესწრო.
საქართველო და იტალია
საქართველომ და იტალიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 11 მაისს დაამყარეს. იტალიაში საქართველოს საელჩო 1994 წელს გაიხსნა, ხოლო ექვსი წლის შემდეგ რომმა თავისი წარმომადგენლობა გახსნა თბილისში.
ქვეყნებს შორის გაფორმებულია რიგი შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება და სხვ.
დინამიურია როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა. 2018 წელს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ეწვია, ხოლო 2022 წელს იტალიაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტი შედგა.
2023 წელს ოფიციალური ვიზიტებით იტალიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ეწვივნენ. დარჩიაშვილის ვიზიტის ფარგლებში, 2023 წლის 21 აპრილს, ორ ქვეყანას შორის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ.
დიალოგის მიზანია უკვე არსებული ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა და თანამშრომლობის სფეროების გაფართოება. ფორმატი მოიცავს ოთხ თემატურ მიმართულებას: პოლიტიკას, თავდაცვასა და უსაფრთხოებას, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთქმედებას.
2004 წლიდან პერიოდულად ტარდება ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმები. ეკონომიკის პერსპექტიული და პრიორიტეტული დარგებია მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
თბილისში 2006 წელს დაფუძნდა „დანტე ალიგიერის" საზოგადოება, რომლის მიზანია იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, ხოლო 2010 წელს რომში, ვილა ბორგეზეს პარკის ხეივანში გაიხსნა დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლი.
ყველა ახალი ამბავი
0