ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების საქმეზე სტრასბურგმა რუსეთი დამნაშავედ ცნო

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2026
გამოწერა
ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ყველა მომჩივნისთვის ჯამურად 395 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა, ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2026 წლის 23 ივნისს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ , რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება, გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქმე ეხება 2008 წლის 9-11 აგვისტომდე პერიოდში სამი ქართველი სამხედრო ტყვის წამებასა და მკვლელობას და ასევე 2008 წლის 9-19 აგვისტომდე პერიოდში სხვა გადარჩენილი სამხედრო ტყვეების სავარაუდო წამებას.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლები დაარღვია.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა: მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება და გამოძიება) დარღვევა ბატონი უშანგი სოფრომაძის, ბატონი კახაბერ ხუბულურის და ბატონი გიორგი ანწუხელიძის პატიმრობაში გარდაცვალებით. მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობა და გამოძიება) დარღვევა უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, გიორგი ანწუხელიძის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა ქუტაშვილის, მალხაზ მელაძის და კახაბერ ზირაქაშვილის წამებით“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ამასთან, სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გადაიხადოს კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის. კერძოდ: 65 000 ევრო უშანგი სოფრომაძის ოჯახს; 65 000 ევრო კახაბერ ხუბულურის ოჯახს; 65 000 ევრო გიორგი ანწუხელიძის ოჯახს; 40 000 ევრო კი თითოეულ დანარჩენ მომჩივანს.
სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა.
გიორგი ანწუხელიძე უმცროსი სეჟანტის ჩინით მსახურობდა IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონში. დაიღუპა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. გარდა ამისა, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2018 წელს თუშეთში უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.
ყველა ახალი ამბავი
0