„საქართველო მინიატურებში" : განახლებული პარკი დამთვალიერებელს დღეიდან ელოდება

© Sputnik / STRINGERპარკი „საქართველო მინიატურებში"
პარკი „საქართველო მინიატურებში - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2026
გამოწერა
„საქართველო მინიატურებში" უნიკალური პარკია, სადაც წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები მინიატურულ ზომებში.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. დაბა შეკვეთილში მდებარე პარკი „საქართველო მინიატურებში" სტუმრებს განახლებული ინფრაქტრუქტურით დღეიდან, 23 ივნისიდან ელოდება.
სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურული ძეგლის რესტავრაცია განხორციელდა, განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა, რაც პარკს საშუალებას მისცემს ვიზიტორებს უფრო გვიან საათებშიც უმასპინძლოს.
პარკის ადმინისტრაციის ცნობით, ამოქმედდა სპეციალური შეთავაზებები ჯგუფური ტურებისთვის. კერძოდ, 10-20 სტუმარზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება, 21-30 სტუმარზე 15%-იანი ფასდაკლება, 31 + სტუმარზე კი მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
„საქართველო მინიატურებში" საქართველოს 56 კულტურული და ისტორიული ძეგლის მინიატურული ვერსიაა წარმოდგენილი და უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ოჯახური და საგანმანათლებლო ვიზიტებისთვის, ერთ დღეში გაეცნონ ქართულ მემკვიდრეობას.
განახლებული პარკი ვიზიტორებს 11:00 საათიდან 21:00 საათამდე მოემსახურება.
პარკი „საქართველო მინიატურებში" Starring Georgia-ს ეკოსისტემას 2025 წლიდან შეუერთდა. STARRING GEORGIA რეგიონის გასართობი ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ, კულტურულ და შემეცნებით-გასართობ გამოცდილებებს აერთიანებს. პროექტის მიზანია ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობა, კულტურული ლანდშაფტის გაძლიერება და მსოფლიო დონის ვარსკვლავების შოუების მასპინძლობა.
დაბა შეკვეთილში მინიატურების პარკი 2016 წლის აგვისტოში გაიხსნა. მასში საქართველოს კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების მინიატურებია წარმოდგენილი. მინიატურების პარკის მშენებლობა კომპანიამ "არქიტექტურული ლაბორატორია №3“ დააპროექტა. კომპლექსი მოიცავს პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მინი-ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.
ქვეყნის კულტურულ-არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0