როგორ ჩააბარებენ გამოცდებს სპეციალური საჭიროების მქონე პირები

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2026
გამოწერა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად 300-ზე მეტი აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფს სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნას.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომელთათვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში მისაღები გამოცდები 2ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23-24 ივლისს ჩააბარებენ.
უწყების ცნობით, გამოსაცდელებს შეუძლიათ საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით გადაამოწმონ, დაკმაყოფილდა თუ არა მათი მოთხოვნა.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად 300-ზე მეტი აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფს სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნას. ამ მიზნით ცენტრი ბეჭდავს ტესტებს ბრაილისა და გაზრდილი შრიფტით. ასევე გამოიყენება სპეციალური ხმოვანი პროგრამა, ეწყობა გამოსაცდელთა საჭიროებებზე მორგებული სივრცე, იზრდება საგამოცდო დრო და ხორციელდება სხვა მხარდამჭერი ღონისძიებები", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უცხოური ენის მოსმენის ნაწილისთვის ცენტრი აპლიკანტებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვან საგამოცდო პრაქტიკაში დანერგილ ალტერნატიულ შესაძლებლობებს. მათ შორისაა: წამკითხველის დახმარება (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით), ხმის გამაძლიერებელთან ახლოს განთავსება, ყურსასმენის გამოყენება, პირადი სმენის აპარატის გამოყენება და დამატებითი დროით სარგებლობა.
უწყების ცნობით, გამოსაცდელთა მოთხოვნებს ინდივიდუალურად განიხილავს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. გადაწყვეტილება მიიღება გამოსაცდელების მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებისთვის სულ 82 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 29 ათასზე მეტი აპლიკანტი.
წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში ხულოსა და ამბროლაურში.
აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0