სკოლადამთავრებულთა საყურადღებოდ: ატესტატების გასაცემად განცხადებების მიღება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2026
გამოწერა
ატესტატი განაცხადის წარდგენიდან მეათე სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 22 ივნისიდან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის — ატესტატის გასაცემად განაცხადების მიღება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, წელს ქვეყნის მასშტაბით სკოლა 42.738-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა.
ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა) ან 18 წლამდე პირის შემთხვევაში - მშობელმა.
31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მეათე სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა - დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი დაწესებულია შესაბამისი საფასურები.
„მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონული პორტალიდან - my.gov.ge ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა, რომელსაც დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისათვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით", - აღნიშნულია განცხადებაში.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს წლის ბოლომდე არ მიმართავს, მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი მომდევნო წელს გაიცემა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – მატერიალური ატესტატის გაცემას 2013 წლიდან ახორციელებს.
2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
ყველა ახალი ამბავი
0