მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ახალი პრიორიტეტები დაასახელა

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2026
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ მანამდე განაცხადა, რომ დაინტერესებულია ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარებით
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. საქართველო დაინტერესებულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების განმტკიცებით, რათა გააძლიეროს თავისი სატრანზიტო როლი, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოლო დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააქტიურა პირდაპირი კონტაქტები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ოფიციალური ვიზიტებით თავდაპირველად ყირგიზეთს, შემდეგ კი ტაჯიკეთს ეწვია. ორივე ქვეყანაში მხარეებმა თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება განიხილეს.
„ნამდვილად საქართველოს პრიორიტეტი არის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ურთიერთობების ის ნიშნული, სადაც არის ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საჭიროებს ნამდვილად განვითარებას და უფრო მეტად გაღრმავებას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მანამდე, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ დაინტერესებულია ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარებით, სავაჭრო კავშირების განვითარების თვალსაზრისით, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი.
შუა დერეფანი
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
ამის შემდეგ საქართველო, საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის კვალდაკვალ, შუა დერეფნის აქტიური მონაწილე გახდა.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0