ისტორიული მომენტი - როგორ შეფასდა საქართველოს პრემიერის ვიზიტი ტაჯიკეთში

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე და ემომალი რაჰმონი
ირაკლი კობახიძე და ემომალი რაჰმონი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2026
გამოწერა
კობახიძემ მადლობა გადაუხადა ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ისტორიული მომენტი - ასე შეაფასეს საქართველოსა და ტაჯიკეთის ლიდერებმა დუშანბეში ქართული დელეგაციის პირველი ოფიციალური მაღალი დონის ვიზიტი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც მთავრობის მეთაური მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
„ეს ისტორიული მომენტია. საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება ტაჯიკეთში. ჩვენი ერები, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ მიზნისადმი ერთგულებას ვადასტურებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის.
„მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ისტორიული უწოდა ქართული დელეგაციის ვიზიტს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, კოჰირ რასულზოდამ და აღნიშნა, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ქვეყნების ურთიერთობების ისტორიაში.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები თავდაპირველად ვიწრო ფორმატში შეხვდნენ, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით.
„ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში. ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ნდობას, პატივისცემასა და გულწრფელობას. ტაჯიკი ხალხის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ქართველებს ბუნების, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების გამო“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ქართველი მეგობრების წვლილი ტაჯიკეთის მეცნიერების, ჯანდაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქვეყნის ისტორიაში.
მისი თქმით, დღეს ორი ქვეყნის საერთო მიზანია ორმხრივი თანამშრომლობისთვის სერიოზული იმპულსის მიცემა ყველა სფეროში.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა.
თბილისი და დუშანბე კავშირებს აღრმავებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროდუქტიული შეხვედრა გამართა ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დროს მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, ასევე რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობის განვითარებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა კულტურულ-ჰუმანიტარულ და ტურიზმის სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს ორ ხალხს შორის კავშირების გაღრმავებას.
შეხვედრის შემდეგ კობახიძემ და რაჰმონმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კობახიძემ ტაჯიკეთის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე.
როგორც ტაჯიკეთის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დროს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოს.
„ეს დოკუმენტი მოიცავს საჰაერო კომუნიკაციას, სასოფლო-სამეურნეო ტურიზმს, ასევე მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, სპორტს, კლიმატის ცვლილებას და სხვა საკითხებს“, - განაცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება, მიმოიხილეს საპარლამენტო ურთიერთობები და ასევე პარლამენტარების დიპლომატიური როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის.
„ორივე ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობები გაგვაჩნია ამ მიმართულებით. ტაჯიკეთი ასევე დაინტერესებულია, რომ გააფართოოს თანამშრომლობა მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მრეწველობის კუთხით, ასევე ტექნოლოგიური და ინოვაციების საკითხებით, ამაში შედის ხელოვნური ინტელექტიც“, - განაცხადა ემომალი რაჰმონმა.
გარდა ამისა, მხარეები შეთანხმნენ ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე და ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტს.
ტაჯიკეთის ლიდერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პოეტისა და მწერლის, ქართული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლის, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნაში.
„დუშანბეში იქნება ახალი ქუჩა, რომელსაც ეწოდება რუსთაველის სახელი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ გაძლიერდეს მეგობრული კავშირები ორ ქვეყანას შორის“, - აღნიშნა ემომალი რაჰმონმა.
საქართველო და ტაჯიკეთი
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოდან არსებობს.
ქვეყნები თანამშრომლობენ TRACECA-ს („ახალი აბრეშუმის გზა“) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოს ტაჯიკეთში გააქვს კვების პროდუქტები, წამლები, ხე-ტყე, ელექტრომოწყობილობა და ავეჯი.
ყველა ახალი ამბავი
0