ხანძრების პრევენციისთვის ტყეში საინფორმაციო ბანერები განთავსდება

© Sputnik / Federal Forestry Agency / გადასვლა მედიაბანკშიტყის ხანძარი
ტყის ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2026
გამოწერა
საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნები ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე თავსდება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ხანძრის გაჩენის რისკები
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში საინფორმაციო ბანერებს 350 ლოკაციაზე განათავსებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"დაიცავი ტყეში ქცევის წესები" – საინფორმაციო ბანერზე ტურისტებს საშუალება აქვთ, QR კოდის მეშვეობით გაეცნონ ტყეში უსაფრთხოების წესებსა და იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობის და კოცონის დანთების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული.
"საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე ვათავსებთ, რათა მაქსიმალურად დავაზღვიოთ ხანძრის გაჩენის რისკები. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა", – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
სააგენტო საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათავსებს.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.
ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კანონი ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.
ყველა ახალი ამბავი
0