ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება

© photo: Sputnikიახტა თბილისის ზღვაზე
იახტა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2026
გამოწერა
კანონის დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება, ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის მიზანი შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შემთხვევების პრევენციაა.
უწყების ინფორმაციით, 2020-2026 წლებში საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სხვადასხვა მცურავი საშუალების მონაწილეობით 80 ინციდენტი მოხდა.
"შიდა სახმელეთო წყლებში მცურავი საშუალებების რეგისტრაციისა და მართვის სერტიფიკატის შემოღება ამ ტიპის ტრანსპორტით გადაადგილებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის", - ნათქვამია განცხადებაში.
რეგულაციები გავრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც საქართველოს შიდა სახმელეთო წლებში ახორციელებენ ნაოსნობას, ან მგზავრთა გადაყვანას.
რეგისტრაციამდე მცურავმა საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირება სააგენტოს მიერ აღიარებულ ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციაში უნდა გაიაროს. რეგისტრაციას დაექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის მცურავი საშუალება (კატარღები, იახტები, მოტონავები, ჰიდროციკლები, კატამარანები, სამგზავრო პლატფორმები და სხვა).
ახალი რეგულაციები არ გავრცელდება კაიაკებზე, პირადი დანიშნულებით გამოყენებულ მცურავ საშუალებებზე. ასევე რეგისტრაციას არ დაექვემდებარება 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის, ძრავის არმქონე მცურავი საშუალებები.
გარდა ამისა, შიდა სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალების სამართავად აუცილებელი გახდება მართვის სერტიფიკატის ფლობა. სერტიფიკატი ხუთი წლის ვადით გაიცემა 18 წელს მიღწეულ, ქმედუნარიან პირზე, რომელიც გადამზადების პროგრამას სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში წარმატებით გაივლის. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა მხოლოდ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საწვრთნელ ცენტრს აქვს აღიარებული.
2025 წლის 1-ელი აპრილიდან აღნიშნული ტრანსპორტის მფლობელებისთვის მოქმედებს გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პერიოდულად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს.
ამ დროისთვის შიდა სახმელეთო წყლების გემების რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია 16 ერთეული მცურავი საშუალება, ხოლო შესაბამისი მართვის სერტიფიკატი 38-მა ფიზიკურმა პირმა აიღო.
ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან კანონის დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას.
ყველა ახალი ამბავი
0