თბილისში ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს უვადო ლიცენზიის დაკარგვის საფრთხე ემუქრება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტაქსი
ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2026
გამოწერა
მოქმედი წესების თანახმად, ლიცენზიის საფასურის გადაუხდელობისთვის პირველადი ჯარიმა 100 ლარს შეადგენს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. A კატეგორიის ტაქსის უვადო ლიცენზიები, მათი მფლობელების მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გაუქმდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
საუბარია A კატეგორიის უვადო ლიცენზიის იმ მფლობელებზე, რომლებიც 2025 წლის ოქტომბრიდან არ იხდიან ნებართვის საფასურს და აგრძელებენ მისი გამოყენების პირობების დარღვევას.
„ჩვენ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვების მფლობელები ჯარიმებისგან გავათავისუფლეთ. მიუხედავად ამისა, 1 ათასზე მეტი ნებართვის მფლობელის მიერ კვლავ გრძელდება სანებართვო პირობების უგულებელყოფა“, -განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, „ურჩ" მძღოლებს რეგულარულად უგზავნიან წერილობით გაფრთხილებებს და უკავშირდებიან ტელეფონით. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯარიმების ოდენობა გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში ლიცენზიის გაუქმებას გამოიწვევს.
ტაქსის მძღოლებს, რომლებიც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე მგზავრებს ლიცენზიის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით ემსახურებოდნენ და დაჯარიმდნენ, ჯარიმები და საურავები ჩამოეწერათ - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 2025 წლის დეკემბერის ბოლოს მიიღო. მაშინ ტაქსის მძღოლები ასევე გათავისუფლდნენ ნებართვის გაცემის ფასის დავალიანებისგან.
მოქმედი წესების თანახმად, ლიცენზიის საფასურის გადაუხდელობისთვის პირველადი ჯარიმა 100 ლარს შეადგენს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში თანხა 300 ლარამდე იზრდება, ხოლო შემდომ – 900 ლარამდე. გარდა ამისა, დროულად გადაუხდელ ჯარიმებს ერიცხება საურავი, დაკისრებული სახდელის ორმაგი ოდენობით.
ტაქსის რეფორმა
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო და ის სამ ეტაპად განხორციელდა.
პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო - 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - A და B.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს. თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდნენ А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღეს. ასევე დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
მანამდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია ჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი). თუ ნებართვა არაა მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0