თბილისის მერიის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები შედის

© photo: Sputnik / Aleksey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები ლექციაზე
სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2026
გამოწერა
იმ სტუდენტებს, რომლებმაც სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის უფლება 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს, ძველი პირობებით სწავლის დაფინანსების პროგრამა ჩვეულებრივად გაუგრძელდებათ.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარის ნაცვლად 1 ათასი ლარი გახდება. ასევე ამოქმედდება ახალი პროგრამა სახელწოდებით „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის“.
„პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ, მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა კი ყოველწლიურად განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, იმ სტუდენტებს, რომლებმაც სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის უფლება 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს, ძველი პირობებით სწავლის დაფინანსების პროგრამა ჩვეულებრივად გაუგრძელდებათ.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერია ყოველსემესტრულად სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს აფინანსებს.
„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე სასწავლო წელს 1.280-მა სოციალურად დაუცველმა, 500-ზე მეტმა მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა სტუდენტმა და 50-მდე შშმ სტუდენტმა მიიღო დაფინანსება.
სტუდენტებს უფინანსდებათ სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა).
დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები. რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც მაქსიმუმ 1.125 ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0