პროკურატურამ „სანდოს" დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის“ ექსპერტი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2026
გამოწერა
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik . საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე შპს „სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამავე საქმეზე ბრალდება - გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე - კიდევ ერთ პირს წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „სანდოს“ დირექტორმა ბაღდათში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არსებული დაზიანებული საყრდენი კედლის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას არ გაითვალისწინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მონაცემები და გეოლოგიური პირობების სირთულის მიუხედავად, 2024 წლის ივნისში შეადგინა ისეთი პროექტი, რომელიც შეუსაბამო იყო გეოლოგიური დასკვნის მონაცემებთან და ადგილზე შექმნილ ვითარებასთან.
შეუსაბამო პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს შპს "სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის" ინსპექტორმა დადებითი შეფასება მისცა, რის შემდეგაც პროექტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სანდოს“ მიერ შედგენილი არ იყო საყრდენი კედლის მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობის პროექტი, შემსრულებელმა ორგანიზაციამ სამუშაოები წარმართა შეუსაბამო პროექტის პირობებში, რაშიც არამიზნობრივად გაიხარჯა სახელმწიფოს კუთვნილი 756.198 ლარი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მძიმე შედეგის მიყენება გამოიწვია და წარმოქმნა საცხოვრებელი კორპუსების მეწყრულ პროცესებში ჩათრევის საფრთხე“, -აღნიშულია ინფორმაციაში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „სანდოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ოჯახის წევრმა ზემოქმედება განახორციელა მოწმის სახით გამოსაკითხ პირზე, რათა ამ უკანასკნელს გეოლოგიური დასკვნის მონაცემებთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა.
„სანდოს" დირექტორსა და ექსპერტს ბრალდება სსკ-ის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინათ, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესამე პირს კი ბრალდება 372-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელება) წარედგინა, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0