კობახიძე: საქართველო და სერბეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან

© Сourtesy of Georgian Government
გამოწერა
ეს შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ქვეყნებს შორის, ინვესტიციების მოზიდვას ორივე მხარეს, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველომ და სერბეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიესб დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე საკითხის შეთანხმება, რის შემდეგაც მხარეები მზად იქნებიან მის ხელმოსაწერად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნული განცხადება სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა, რომელიც თბილისში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შედგა. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში.
კობახიძემ აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
„გვაქვს დიდი წარმატება ამ პროცესში, რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და ამის შემდეგ უკვე ორივე მხარე მზად ვიქნებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ქვეყნებს შორის, ინვესტიციების მოზიდვას ორივე მხარეს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილია და მზადაა, გააღრმაოს პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო პოტენციალი.

ირაკლი კობახიძე და ალექსანდრ ვუჩიჩი
© Сourtesy of Georgian Government
კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტს ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი უწოდა და აღნიშნა მისი უდიდესი მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. მისი თქმით, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგს.
„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი და გამართული შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-სერბეთის ურთიერთობების წინსვლაში და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ“,-განაცხადა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, და საერთო გამოწვევები, რაც გამოცდილების გაცვლას განსახუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.
„ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია, - განაცხადა მან.
ის ასევე მიესალმა სერბეთის გადაწყვეტილებას თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ და მას ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

ირაკლი კობახიძე და ალექსანდრ ვუჩიჩი
© Сourtesy of Georgian Government
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს განიხილავს მეგობარ ქვეყნად, რომელსაც სერბეთთან მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებლური ტრადიციები აკავშირებს.
მისი თქმით, სერბეთი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მიღწევებს ეკონომიკური განვითარების სფეროში და მის გამოცდილებას სწავლობს.
„სერბეთში ყველამ იცის, რომ პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9,3% შეადგინა. მსგავსი მაჩვენებლები ევროპაში არ არსებობს და ჩვენ ბევრს ვსწავლობთ საქართველოსგან“, — განაცხადა ვუჩიჩმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო 2012 წლიდან აჩვენებს „გასაოცარ შედეგებს“, რომლებიც აღიარებასა და ყურადღებას იმსახურებს.
სერბეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, ორშაბათს, 15 ივნისს ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში — ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრ ვუჩიჩმა მოლაპარაკებები გამართა თავის ქართველ კოლეგა მიხეილ კაველაშვილთან. ასევე, საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ.
საქართველო და სერბეთი
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს.
2018 წლის მარტში სერბეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი ძალაში შევიდა. 2019 წელს ბელგრადში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა.
ასევე, საქართველოსა და სერბეთს შორის ხელმოწერილია შეთანხმებები, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობისა და საკონსულო სფეროებში.