რეფორმის პირველი შედეგი: მინისტრის მოადგილე „საქართველოს რკინიგზის" 153 მილიონიან მოგებაზე

© photo: Sputnik / Stringerთბილისის რკინიგზის სადგური
თბილისის რკინიგზის სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2026
გამოწერა
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზის“ 153 მილიონი ლარის ოდენობის მოგება რეფორმებისა და განახლების პირველი შედეგია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
„საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებმა 2025 წელს 612.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 5,5%-ით ნაკლებია. შემოსავლების კლების მიუხედავად, კომპანიის წმინდა მოგება გაორმაგდა და 152,7 მლნ ლარი შეადგინა (2024 წლის წმინდა მოგება 68,2 მლნ ლარი იყო).
„საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებისა და განახლების პირველადი შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა, რაც ეფექტიანი მართვისა და სწორი განვითარების შედეგია", - განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის განმარტებით, „საქართველოს რკინიგზა" მომავალ განვითარებაზე არის ორიენტირებული და გეგმავს 50 ახალი ლოკომოტივისა და 1,5 ათასი ვაგონის შეძენას, რისთვისაც 1 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
„ეს გაზრდის ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტებში“, - აღნიშნა იოსელიანმა.
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების“ პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ მოდერნიზაციას გულისხმობს, თბილისში 5 მაისს გაიმართა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შემდეგი 10 წლის განმავლობაში რკინიგზაში განხორციელდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, რომლის საორიენტაციო მოცულობა 1,7 მლრდ დოლარს შეადგენს.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ 2025 წელს „საქართველოს რკინიგზის“ ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა 230 მილიონ ლარს გადააჭარბა, კომპანიის წმინდა მოგება კი 30%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ოპერაციულ მოგებას, ის 25%-დან 36%-მდე გაიზარდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა, მგზავრობის დრო კი 20%-ით შემცირდა.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
ყველა ახალი ამბავი
0