ნატოს ბალტიისპირული სამზარეულო: „მამაცი ტახი“ ფრანგულად

© photo: Sputnik / Алексей Витвицкий / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2026
გამოწერა
ლიეტუვის, პოლონეთისა და საფრანგეთის ჯარები დაუფიქრებლად ამუშავებენ „ტახის ტაქტიკას“ ნატოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სუვალკის დერეფნის რაიონში, რომელიც ბალტიის ქვეყნებს „დიდ მოკავშირეებთან“ აკავშირებს. ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებთან ახლოს მიმდინარე მანევრები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ევროპის რიგი ქვეყნების კურსს ასახავს - მოსკოვთან და მინსკთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისკენ. გროდნოს ოლქიდან კალინინგრადამდე ლოგისტიკური „დერეფნის“ შექმნა ნაკლებად სავარაუდოა, თუნდაც ნატოს ძალების მიერ რუსეთის ფედერაციის ამ სუბიექტის საზღვაო და სახმელეთო ბლოკადის პირობებში.
სამხედრო მანევრები „მამაცი ტახი 2026“ (Gallant Boar 2026) 16-26 ივნისსპოლონეთის ქალაქ სუვალკისა და ამავე სახელწოდების 65-კილომეტრიანი „დერეფნის“ რაიონში ტარდება, რომელსაც ნატოში „დედამიწის ყველაზე საშიშ ადგილად“ მიიჩნევენ. საბრძოლო კოორდინაციასა და დანიშნულებით გათვალისწინებულ ამოცანებს ამუშავებს პოლონურ-ლიეტუვურ-ფრანგული სამხედრო დაჯგუფება, რომლის შემადგენლობაშიც, დაახლოებით, 1000 სამხედრო მოსამსახურეა. მუშავდება „სწრაფი რეაგირებისა“ და „კოლექტიური თავდაცვის“ სცენარები.
მანევრების სახელწოდება სიმბოლურია: ველურ ბუნებაში ტახი არაპროგნოზირებადი „ჯავშანმანქანაა“, რომელსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის განადგურება შეუძლია (თავდაცვა თავდასხმის გზით). „მამაცი ტახის“ მნიშვნელობის გასაზრდელად, ბალტიისპირეთში მიიწვიეს ბირთვული საფრანგეთი, რომელიც დღეს ევროპაში სამხედრო ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას. ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, პარიზის „ბირთვული ქოლგის“ ქვეშ უკვე ცხრა ქვეყანა მოექცა, მათ შორის პოლონეთიც. მაშ, რეალურად რა ხდება რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან?
„სწრაფი და ეფექტიანი თავდაცვის“ ლეგენდა არადამაჯერებლად გამოიყურება. სუვალკის დერეფნის ლოგისტიკური სტრუქტურა პოლონეთის მხრიდან მხოლოდ ერთი პროვინციული საავტომობილო გზით — 651-ითაა წარმოდგენილი, რომელიც ტყეებსა და ჭაობებს შორის მიიკლაკნება. ლიეტუვის ტერიტორიაზე კი არის ერთი მეორეხარისხოვანი გზა — 200, რომელიც მასობრივი სამხედრო გადაყვანისთვის კიდევ უფრო ნაკლებად არის გამოსადეგი. „დერეფანში“ საგზაო ქსელი, პრაქტიკულად, განუვითარებელია, აქ ტერიტორიას ჰიპოთეტური სატანკო არმადების შეჭრისგან თავად ბუნება იცავს. ნატოს სამი ქვეყნის ჯარებისთვის ამ ადგილობრივ ჭაობებში თავდაცვითი პოზიციების მოწყობა მიზანშეუწონელია.
მეორე მხრივ, ალიანსის ჯარების კონცენტრაციის სუვალკის რაიონი მოსახერხებელია აღმოსავლეთიდან რუსეთის გარნიზონების — გუსევის, ჩერნიახოვსკისა და კალინინგრადის მიმართულებით მოულოდნელი შეტევისთვის. რუსეთის ტერიტორიაზე გადის ავტომაგისტრალები E28 და A229, ასევე რკინიგზა. სავარაუდო შეჭრის სამხრეთი და ჩრდილოეთი მიმართულებები — ნოვოსელოვოსა და სოვეტსკის გავლით — უფრო პროგნოზირებადი და უკეთ გამაგრებულია. ეს ფანტაზია არ არის. გარღვევის ჩანაფიქრი ადრე ზოგად კონტურებში აღწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა (ლიეტუვის სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენელი, CIA-სა და MI6-ის აღზრდილი) შვეიცარიულ გაზეთ Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში. ბალტიისპირეთის ჯარები, მისი თქმით, მზად არიან, „შეიჭრან პატარა ციხესიმაგრე კალინინგრადში“ და „მიწასთან გაასწორონ“ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ბაზები და სარაკეტო კომპლექსები. ასეთია „მამაცი ტახი“.
ტრადიციული ანტირუსული დუეტი — ვილნიუსი და ვარშავა — სუვალკის დერეფანში პარიზული შარმითაა გაძლიერებული. რომელ მაკრონს არ უოცნებია ნაპოლეონად ქცევა? სავარაუდოდ, ფრანგებს სურთ, შური იძიონ დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში შელახული კოლონიური ღირსებისთვის ან 1814 წლის სამხედრო მარცხისთვის. იმავე ისტორიული რიგიდანაა ლუფტვაფეს სარდლის, ჰოლგერ ნოიმანის განცხადება გერმანიის მზადყოფნის შესახებ, რუსეთთან საბრძოლველად „თუნდაც დღეს საღამოს“. გენერალმა ნოიმანმა შესაძლო საბრძოლო მოქმედებების რაიონებიც დაასახელა — კალინინგრადი და სანქტ-პეტერბურგი. არაფერი ახალი.
ნატოს ქვეყნები, მრავალსერიანი სამხედრო სწავლებების ფარგლებში, წლების განმავლობაში ამუშავებენ კალინინგრადის ოლქის „იზოლაციის“ სცენარს. მაგალითად, 19 ივნისს სრულდება ალიანსის სამხედრო-საჰაერო ძალების ათდღიანი მანევრები Ramstein Flag, რომლებიც რუსეთის მოსაზღვრე ბალტიის რეგიონის ქვეყნებში მიმდინარეობს. „დიდ თამაშში“ ბალტიისპირელ აბორიგენებს დენთის კასრში ნაპერწკლის ეპიზოდური როლი აქვთ მინიჭებული. ამასთან, გაეროს ოპტიმისტური პროგნოზებითაც კი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი XXI საუკუნის ბოლოსთვის, ომის გარეშეც, 1,5 მილიონზე მეტ მოსახლეს დაკარგავენ. რესპუბლიკების მოსახლეობის საერთო რაოდენობა დღევანდელი 5,5 მილიონიდან 3,9 მილიონამდე შემცირდება და ნატოც ვერაფერს უშველის.
რუსეთი იძულებულია, გააძლიეროს ბალტიის ფლოტი, კალინინგრადის ოლქში განლაგებული ჯარებისა და ძალების რეგიონული დაჯგუფება, გააფართოოს სამხედრო ინფრასტრუქტურა გოგლანდის კუნძულზე და ჩრდილოეთით ახალი ბაზები შექმნას. რუსეთის საზღვრებთან ალიანსის უცხოური ჯარების სავარაუდო განადგურებისთვის ჰიპერბგერით რაკეტებს არანაირი „დერეფანი“ არ დასჭირდებათ. ლიეტუვის, გერმანიის, პოლონეთისა და „საყოველთაო თავდაცვის“ სხვა მონაწილე „მამაც ტახებს“ უნდა ახსოვდეთ: ისინი, ვინც სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან არ სხედან, შესაძლოა, გამარჯვებულთა სუფრაზე კერძად იქცნენ. ევროპის ისტორიაში ეს არაერთხელ მომხდარა...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
ყველა ახალი ამბავი
0