როგორია წყლის ხარისხი შავი ზღვის სანაპიროზე - ბოლო ინფორმაცია

© National Environment Agency of Georgiaწყლის ხარისხის შემოწმება
წყლის ხარისხის შემოწმება - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2026
გამოწერა
სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 14 წერტილში ახორციელებს.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო წყლებში ძირითადი მიკრობიოლოგიური პარამეტრები სანიტარიული ნორმების ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები ყოველთვიურად 14 წერტილში ისაზღვრება, მათ შორის, მძიმე მეტალები, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
2026 წლის მაისში შავი ზღვის წყლის ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური სინჯები შემდეგ ლოკაციებზე აიღეს: გრიგოლეთი (2 სინჯი), მალთაყვა-ფოთი, ურეკი-მაგნეტიტი, ყვავილნარი, განმუხური, ანაკლია (2 სინჯი), მწვანე კონცხი, ბათუმის ნავსადგური, სარფი, ქობულეთი, ბობოყვათი და ჭოროხის შესართავიდან. განსაზღვრული კომპონენტების შემცველობა სინჯებში ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული კვლევები განხორციელდა ივნისშიც და ამ ეტაპზე აღებულ სინჯებში ტარდება შესაბამისი ანალიზები.
გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლისა და კონტინენტური შელფის მონიტორინგს, მათ შორის მიკრობიოლოგიურ მონიტორინგს ყოველთვიურად, სარფი-ანაკლიის მონაკვეთის 10 სადგურზე, ხოლო ჰიდრობიოლოგიურ მონიტორინგს, სეზონურად, სარფი-ანაკლიის აკვატორიის 20-ზე მეტ სადგურზე. აღნიშნული მიმართულებებით ბოლო კვლევა განხორციელდა მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისშიც. მონიტორინგის არეალი მოიცავდა როგორც ურეკი-განმუხურის, ისე აჭარის სანაპირო ზოლის მონაკვეთებს.
შავი ზღვიდან აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
სააგენტო ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0