საქართველო-სერბეთის პარტნიორობის გაფართოება: პრეზიდენტების შეხვედრა

© press-service of the President of Georgiaმიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2026
გამოწერა
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ეწვია
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მიხეილ ყაველაშვილმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა შეხვედრისას საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური ავრცელებს.
სერბეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ორშაბათს, 15 ივნისს ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში – ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული კავშირები, კულტურული სიახლოვე, საერთო ღირებულებები და თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევები განიხილეს.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საერთო კულტურული იდენტობა და ორივე ქვეყნის წინაშე არსებული რთული გამოწვევები მყარ საფუძველს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო არენაზე პოზიციების ურთიერთმხარდაჭერისთვის.
მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ორ სახელმწიფოს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის გააქტიურებას. აღინიშნა, რომ 2025 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბელგრადში იყო პრეზიდენტის მაღალი დონის პირველი ვიზიტი, ხოლო ალექსანდრ ვუჩიჩის ოფიციალური ვიზიტი თბილისში კი არის მისი პირველი სტუმრობა საქართველოს დედაქალაქში სერბეთის პრეზიდენტის სტატუსით.
მხარეთა აზრით, ეს ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ პარტნიორობასა და ორმხრივ დიალოგს.
შეხვედრაზე სახელმწიფოს მეთაურებმა ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს, ასევე ხაზი გაუსვეს გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საერთაშორისო წესრიგისა და ძალთა ბალანსის ფუნდამენტური ცვლილებების ფონზე, ორივე რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.
ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა, როგორც „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან პარტნიორობის გაფართოებით, რაც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კავშირების განვითარებას.
მან კვლავ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისკენ უცვლელი რჩება.
საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვუჩიჩმა ორბელიანების სასახლის საპატიო სტუმრების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
ასევე, საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ.
როგორც ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველოს ეკლესიის მეთაურთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთის მართლმადიდებელ ხალხებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებზე.
საქართველო და სერბეთი
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს.
2018 წლის მარტში სერბეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი ძალაში შევიდა. 2019 წელს ბელგრადში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა.
ასევე, საქართველოსა და სერბეთს შორის ხელმოწერილია შეთანხმებები, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობისა და საკონსულო სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0