მოცვის სეზონი: საქართველოში მოსავლის 30-40%-იან ზრდას ელოდებიან

© press-service of the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgiaმოცვი
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2026
გამოწერა
ლურჯი მოცვი საქართველოსთვის შედარებით ახალი კულტურაა, რომლის კულტივიზაციას სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს. ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. წელს საქართველოში მოცვის მოსავლიანობის 30-40%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, განაცხადეს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა თორნიკე ფანჯავიძემ მედიაპლატფორმა BMG-სთან განაცხადა, ეს განპირობებულია როგორც ახალი ბაღების გაშენებასთან, ისე ძველი ბაღების პროდუქტიულობის მატებასთან.
„მოსავლიანობა დაახლოებით 30-40%-ით გაიზარდა. მჯერა, რომ საქართველო წელს დაახლოებით 10 000 ტონა მოცვს გაიტანს ექსპორტზე, მაშინ როცა გასულ წელს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტი სულ 7 000 ტონას შეადგენდა“, - განაცხადა ფანჯავიძემ.
მისი თქმით, უცხოურ ბაზრებზე პროდუქციის ძალიან მაღალი მოთხოვნაა, რადგან ესპანეთსა და მაროკოში სეზონი ჩვეულებრივზე გვიან დასრულდა და ევროპის ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი მომავალი კვირიდან არის მოსალოდნელი.
მიუხედავად სეზონის დასაწყისში რუსეთში მცირე პარტიების ექსპორტისა, ასოციაციის წევრები შეთანხმდნენ, რომ ძირითად აქცენტს ევროპულ ბაზარზე გააკეთებენ.
„თუ ყველა მხოლოდ რუსულ ბაზარზე გავა, ფასებს ჩვენვე დავაგდებთ. ამიტომ, ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ პროდუქციის სტაბილური ღირებულება იმ მცირე ფერმერებისთვისაც, რომლებსაც გასაღების ალტერნატიული ბაზრები არ გააჩნიათ“, — განაცხადა ფანჯავიძემ.
მისი თქმით, ეს შესაძლებელს გახდის რუსეთში ჭარბი მიწოდების თავიდან აცილებას და, შესაბამისად, ფასების კლებას.
თუ ადრე მინიმალური საექსპორტო ფასი კილოგრამზე 4 ევროდან იწყებოდა, ახლა ის დაახლოებით 4,5 ევროს შეადგენს. ამასთან, ევროპულ ბაზარზე 1 კგ ქართული ლურჯი მოცვი 7–7,5 ევროდ იყიდება.
ფანჯავიძემ ასევე განაცხადა, რომ დუბაიში მოცვის სატესტო რეჟიმში ექსპორტი უკვე დაწყებულია. მწარმოებლები ინდოეთის, სინგაპურის და ჰონგ-კონგის ბაზრებზე გაფართოებას გეგმავენ. მისი შეფასებით, ჩინეთთან ექსპორტის პროტოკოლის დასრულებას დაახლოებით კიდევ ერთი წელი დასჭირდება.
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. მოცვის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა გაშენებული იმერეთის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონებში.
ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი გახდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.
მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.
ყველა ახალი ამბავი
0