საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყირგიზეთში: ძირითადი გზავნილები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაფაროვი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაფაროვი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2026
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში ორივე მხარემ ისტორიულ შესაძლებლობად შეაფასა.
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების განმტკიცება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს გააჩენს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან ერთობლივ კონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაახლოების ფონზე ეწვია.
„იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს“, - განაცხადა კობახიძემ.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს, რომლებიც ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
„არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. ამას აქვს ძალიან მყარი საფუძველი იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა კობახიძემ.
თავის მხრივ, ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტს ყირგიზეთში ისტორიული უწოდა და ურთიერთობების განვითრების პოტენციალზე ისაუბრა.
„საქართველო ყირგიზეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა“, - აღნიშნა ჟაპაროვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები ღია მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.
„პოლიტიკური ურთიერთობები მტკიცე და ნდობაზე დაფუძნებული იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის და ეს არის მართლაც ძლიერი საფუძველი ყველა სფეროში თანამშრომლობისთვის. ამ კონტექსტში ჩვენ ხაზს ვუსვამთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება, მთავრობათაშორისი და პარლამენტთაშორისი კონტაქტების გაღრმავება, ასევე კონსულტაციების გაფართოება ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის“, – აღნიშნა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ყირგიზეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები.
რა განიხილებოდა ყირგიზეთში გამართულ შეხვედრებზე
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს და „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას.
აქცენტი გაკეთდა ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის განხორციელებასა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ტურისტული ნაკადების ზრდის მნიშვნელობაზე.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნა დამატებით ხელს შეუწყობდა ქვეყნებს შორის ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.
საქართველო და ყირგიზეთი
საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. საქართველოში ყირგიზეთის საელჩო არ არის, მაგრამ 2023 წელს ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ორმხრივი საკითების კურირებას ყაზახეთში საქართველოს საელჩო ახორციელებს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა 2025 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ გააქტიურა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო მარშრუტების გაძლიერების კუთხით.
2026 წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 191,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ვაჭრობის ძირითად ნაწილს ექსპორტი შეადგენს. მთავარი საქონელი, რომელსაც ყირგიზეთი საქართველოში ყიდულობს, ავტომობილებია.
ყველა ახალი ამბავი
0