მთავრობა საქართველოს ეკონომიკური იმიჯის გაძლიერებაზე იმუშავებს - კობახიძე

© photo: Sputnik / Stringerკოსტავას ქუჩა თბილისში
კოსტავას ქუჩა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2026
გამოწერა
გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდა ფიქსირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ინვესტიციების ზრდის მიზნით მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასული წლის იანვარ-მარტთან შედარებით 47,7%-ით გაიზარდა და 271,2 მლნ დოლარი შეადგინა.
„ძალიან მსხვილი ინვესტორები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, არაერთი ასეთი ფაქტი იყო გასული თვეების განმავლობაში. ეს პირდაპირ აისახება იმ ფინანსურ მონაცემებზე, რომლებსაც აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ გამუდმებით იზრდება.
მისი თქმით, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდა ფიქსირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც, პრემიერის თქმით, ასევე არის მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ინვესტიციების გაზრდის მთავარ მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლების ზრდა. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო ფინანსური და სადაზღვევო სექტორი, უძრავი ქონება, ასევე ინფორმაცია და კომუნიკაცია. ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ნიდერლანდებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0