საქართველოში უცხოელთა აღრიცხვის ერთიანი მონაცემთა ბაზები შეიქმნება

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
უცხოელთა ქვეყნიდან გაძევების საფუძველი გახდება სამუშაო ნებართვის არქონა, ნებართვის გაცემის პირობების შეუსრულებლობა, ასევე ცუდი აკადემიური მოსწრება (სწავლა) უმაღლეს სასწავლებლებში.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოში შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა აღრიცხვისა და სამართლებრივი მდგომარეობის ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნას, შესაბამისი ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის.
ცვლილებების თანახმად, რეესტრს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწარმოებს. ბაზის წარმოების წესებს, მათ შორის მასში უცხოელთა ბიომეტრიული მონაცემების შეტანის წესს, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, კიდევ ერთი მონაცემთა ბაზა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება, სადაც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი ან წარსულში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოხვდებიან.
ასევე, კანონის თანახმად, უცხოელთა ქვეყნიდან გაძევების საფუძველი გახდება სამუშაო ნებართვის არქონა და ნებართვის გაცემის პირობების შეუსრულებლობა, ისევე როგორც მათი ცუდი აკადემიური მოსწრება (სწავლა) უმაღლეს სასწავლებლებში.
გარდა ამისა, კანონში განისაზღვრა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის პირობები, რომელთა დარღვევაც, შესაძლოა. უცხოელის ქვეყნიდან გაძევების ან მისთვის ბინადრობის უფლების მიცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
მიზეზები:
პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
არსებობს ინფორმაცია, რომ პირი დაკავშირებულია იმ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან ან ორგანიზაციასთან, რომელიც მტრულად არის განწყობილი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ, სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან, ტერორისტულ ან ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან, ნარკოტიკების, იარაღის ბრუნვასა და ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან;
საქართველოსთვის საფრთხის შექმნის შესახებ დასაბუთებული ეჭვების არსებობა;
პირი მხილებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგი მუხლების დარღვევაში: ნარკოტიკების ან მარიხუანის მოხმარება, მძღოლის მიერ ნარკოტიკულ ან ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმების გავლისგან თავის არიდება, ავტომანქანის მართვა ნასვამ მდგომარეობაში, წვრილმანი ხულიგნობა, სექსუალური შევიწროება, შენობების იერსახის დაზიანება, მათ შორის უკანონო გრაფიტი და პლაკატების გაკვრა, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იარაღთან დაკავშირებული წესების დარღვევა, მათ შორის ცივი იარაღის (დანის) ტარება.
გარდა ამისა, სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებები, გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა, უფლებამოსილი იქნებიან უცხოელს მოსთხოვონ საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა, ხოლო წარდგენაზე უარის თქმის შემთხვევაში – უარი განაცხადონ მის მომსახურებაზე.
საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში იქნება ეს ცნობა აუცილებელი.
ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1-ელი ივლისიდან შევა.