3 მლნ ლარის ღირებულების მიწა თაღლითურად გადაიფორმეს: დაკავებულია 5 პირი

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 მლნ ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ერთი პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიზანი იყო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლება.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2026 წლის მაისში ნოტარიუსს წარუდგინეს თითქოსდა საბერძნეთში გაცემული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმადაც დაზარალებული ერთ-ერთ ბრალდებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სრულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მათ შორის განკარგვის უფლებას ანიჭებდა.
ყალბი მინდობილობით ბრალდებულებმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება და ნოტარიუსის და მარეგისტრირებელი ორგანოს მოტყუებით, დაჩქარებული წესით მიწის ნაკვეთი ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე დარეგისტრირდა.
უკანონოდ დაუფლებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ წარუდგინეს ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დანაშაულებრივად დაუფლებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ერთი ბრალდებულიდან ჯგუფის სხვა წევრზე უნდა გადასულიყო. თუმცა, გამოძიების შეტყობინების საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, რის გამოც ბრალდებულებმა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე განხორციელება ვერ შეძლეს.
„სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი, რუსთავში, თბილისში, ბათუმში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
აღნიშნულ პირებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და 19.194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0