4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2026
გამოწერა
აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან რვა პირმა, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, საპატიმრო დატოვეს.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე.
აღნიშნულმა პირებმა პენიტენციური დაწესებულება პირობითი მსჯავრით - 3 წელი - დატოვეს. ყველა მათგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა. აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.
საქმის აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავს, თუმცა, ოთხმა: აბო ნავერიანმა, ანტონ უპერმა[ძებნაშია], ნანა სანდერმა და მარიამ მეყანწიშვილმა ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, რის გამოც, აღნიშნული ბრალდებულების საქმის განხილვას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გააგრძელებს.
სასამართლოში ამ წუთებში კიდევ 6 პირის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას აღიარებით უკვე 21-მა მიმართა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა. დაკავებულებს პროკურატურა 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობას ედავება.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0