მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს თბილისში დიდ ეკრანზე აჩვენებენ

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2026
გამოწერა
მატჩების დიდ ეკრანზე ტრანსლირებას თბილისის მერია და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უზრუნველყოფენ.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალებიდან ფინალის ჩათვლით, ყველა მატჩს რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე აჩვენებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ, 11 ივნისს იწყება და 19 ივლისამდე გასტანს. ჩემპიონატს ისტორიაში პირველად ერთობლივად სამი ქვეყანა — აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს - მატჩები 16 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება.
მატჩების დიდ ეკრანზე ტრანსლირებას თბილისის მერია და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უზრუნველყოფენ. ქართველი გულშემატკივარი ჩემპიონატის ყველაზე დაძაბული — პლეი-ოფის ეტაპის ყველა შეხვედრის დიდ ეკრანზე ყურებას 28 ივნისიდან შეძლებს.
მანამდე კი ფეხბურთის მოყვარულები ჩემპიონატის მატჩების ყურებას ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში შეძლებენ, რომელიც გულშემატკივრებს მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას სთააზობს.
„თბილისის მერიისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორობით, როდესაც დაიწყება მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალები, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს ყველა მატჩის ჩვენებას. ტრანსლირება რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ დიდ ეკრანზე გაიმართება. ფეხბურთს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. შესაბამისად, საკმაოდ კარგი ინიციატივაა. მინდა, მადლობა ვუთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ამ შემოთავაზებისთვის. მოხარული ვარ, რომ მსოფლიო საფეხბურთო ზეიმი დედაქალაქის მცხოვრებლებს გააერთიანებს რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ეს არის პირველი ჩემპიონატი, სადაც მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 48 ნაკრებამდე გაიზარდა. გუნდები გადანაწილებული არიან 12 ჯგუფში (თითოეულში 4 გუნდი). ტურნირის ფარგლებში ჯამში 104 შეხვედრა გაიმართება (ნაცვლად ძველი 64 მატჩისა).
ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ხვალ მექსიკაში, ლეგენდარულ „აცტეკას“ სტადიონზე გაიმართება - მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა კი 19 ივლისს ნიუ-იორკში (ნიუ-ჯერსი) გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0