მთის ლუდის ხარშვის ტრადიცია, შესაძლოა, იუნესკოს მემკვიდრეობად აღიარონ

ლუდი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2026
გამოწერა
სამუშაო ჯგუფი დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით მოამზადებს ლუდის ხარშვის ტრადიციის ნომინაციის დოსიეს, რომელიც შემდგომ იუნესკოს წარედგინება.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ლუდის ხარშვის ქართული ტრადიციის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად მუშაობას იწყებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 8 ივნისის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია და მას აგრარულ საკითხთა კომიტეტი უხელმძღვანელებს.
პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიმართვა სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ - სამუშაო ჯგუფი დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით მოამზადებს ლუდის ხარშვის ტრადიციის ნომინაციის დოსიეს, რომელიც შემდგომ იუნესკოს წარედგინება.
„სწორედ ეს კომიტეტი იყო ის, რომელმაც თავის დროზე ხორბლისა და პურის ცხობის ტრადიციის „იუნესკოს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის მიმართულებით იმუშავა და ეს პროცესი წარმატებით დასრულდა. დღეს იგი არა მხოლოდ აღიარებული კულტურული ობიექტია – უახლესი კვლევების თანახმად, დადასტურდა, რომ საქართველო, მევენახეობასთან ერთად, ხორბლის სამშობლოცაა", – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში პარლამენტის მონაწილეობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ახალი პროექტი წინა ინიციატივების ლოგიკური გაგრძელებაა.
„გადავწყვიტეთ, რომ ეს კარგი გამოცდილება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ლუდის ხარშვის ტრადიციაც იუნესკოს ვაღიარებინოთ. ასე რომ, ისინი, ვინც სოფლის მეურნეობის კომიტეტში ხართ ან დაინტერესებული ხართ ამ საკითხით, ჩათვალეთ, რომ ამ მომენტის დასაწყისში დგახართ. პარლამენტი ამ მხრივ კარგი პლატფორმაა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე სამეცნიერო წრეების ჩართულობისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ქართული ლუდის ტრადიციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ 25 მაისს გახდა ცნობილი. პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის ინფორმაციით, ჯგუფი ქართული ლუდისა და განსაკუთრებით მთის ლუდის ტრადიციების დაცვის, განვითარების და პოპულარიზაციის მიმართულებით იმუშავებს.
საკითხზე მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, ხოლო სამუშაო ჯგუფის მიზანი შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და ქართული ლუდის ტრადიციების საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობაა.
ყველა ახალი ამბავი
0