4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 8 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა

© photo: Sputnikოპოზიციის აქცია
ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2026
გამოწერა
აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან რვა პირმა, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, საპატიმრო დატოვეს.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ ევა შანშიაშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელიხაშვილი და დათო ღუწკაია.
აღნიშნულმა პირებმა პენიტენციური დაწესებულება პირობითი მსჯავრით - 3 წელი - დატოვეს. ყველა მათგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა, გარდა ევა შანშიაშვილისა, ვინაიდან ის გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაზე იმყოფებოდა.
მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დაამტკიცა. აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.
საქმის აღნიშნულ ეპიზოდზე 15 პირია ბრალდებული თუმცა, 7-მა მათგანმა - გიორგი ჩახუნაშვილმა, ია დარახველიძემ, ზაქრო ალბუთაშვილმა, დავით ჟღენტმა, კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, რის გამოც, აღნიშნული ბრალდებულების საქმის განხილვას მოსამართლე გიორგი გელაშვილი გააგრძელებს.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0