საქართველოს ყველაზე სახიფათო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა

© Courtesy of Roads Department of Georgiaგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2026
გამოწერა
ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია აშენებული, იგი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და თვალწარმტაც მთის გზად მიიჩნევა.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს ავტომაგისტრალის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც მაღალმთიან თუშეთისკენ მიდის, განახლდა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი გზაა თუშეთში მოსახვედრად. ის სოფელ ფშაველიდან იწყება და ომალოს აბანოს უღელტეხილის გავლით უერთდება, რომელიც ზღვის დონიდან 2.950 მეტრ სიმაღლეზეა. გზა ვიწროა და ხშირად იმეწყრება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო გზაზე მოძრაობა წელიწადში დაახლოებით ოთხი–ხუთი თვეა შესაძლებელი. გზის სიგრძე 72 კილომეტრია.
უწყების ინფორმაციით, უღელტეხილის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება, თუმცა აპრილის შუა რიცხვებში, სამუშაოების მსვლელობისას გზაზე ზვავი და მეწყერი ჩამოწვა, რამაც სპეცტექნიკა დააზიანა - უამინდობის გამო, უკვე გაწმენდილ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდა, რამაც გზის გაწმენდითი სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახადა.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კონტრაქტორმა კომპანიამ, დამატებითი ტექნიკის მობილიზებით, გზის უკვე გაწმენდილი მონაკვეთების განმეორებითი წმენდა დაიწყო. ზვავსაშიშ უბნებზე სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ასევე ჩართული იქნა დამატებითი ტექნიკა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, მიმდინარე წელს უღელტეხილზე უპრეცედენტო რაოდენობის თოვლი მოვიდა. ზოგიერთ ზვავსაშიშ ზონაში თოვლის სიმაღლე 15 მეტრს აჭარბებს.
ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს გზის 42-ე კილომეტრზე, აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ, ექსკავატორებისა და ბულდოზერების გამოყენებით. რთული რელიეფისა და გზის უკიდურესი სირთულის გამო, ამ მონაკვეთზე სხვა სახის მძიმე სპეცტექნიკის გამოყენება შეუძლებელია.
თუშეთი — გამორჩეული პეიზაჟების მქონე მაღალმთიანი რეგიონია. ამ ულამაზეს მხარეში მოხვედრა მარტივი არ არის. აქ მხოლოდ ერთი გზა მიდის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ ითვლება.
ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია აშენებული, იგი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და თვალწარმტაც მთის გზად მიიჩნევა.
ყველა ახალი ამბავი
0