მშობლების საყურადღებოდ! თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2026
გამოწერა
საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგანაც დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. თბილისის მასშტაბით საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს 10:00 საათზე დაიწყო და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღების" განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. საზაფხულო ბაღები დედაქალაქში ივლის-აგვისტოში ფუნქციონირებენ. აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ქალაქში რჩებიან.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებ-გვერდზე kids.org.ge. რეგისტრაცია იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე საბავშვო ბაღებში ყველა ადგილი არ შეივსება.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში დედაქალაქში 54 საბავშვო ბაღი იმუშავებს, რომელიც 19,5 ათასამდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან.
წელს საგაზაფხული ბაღებში 3,9 ათასამდე თანამშრომელი იმუშავებს. მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 645 000 ლარით დაფინანსდება.
საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მაქცხოვრებელისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.
საზაფხულო ბაღების სია ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0