4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 პირს გაუფორმდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2026
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე საქმის განხილვა 5 ნაწილად მიმდინარეობს - საქმეზე ბრალდებული 64 პირი
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 პირს გაუფორმდება.
კერძოდ, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული 14 პირიდან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ დაკავებულებმა წარდგენილი დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავოდ არ გახადეს.
საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება 8 პირს – ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მამულაძეს. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
რაც შეეხებათ პირებს, რომლებმაც ბრალი აღიარეს, მათი საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.
გასულ კვირას დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა კიდევ 15 პირს - დაკავებულებს პროკურატურა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავება.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირია მიცემული. საპროცესო შეთანხმებას და ბრალის აღიარებას ჯამში 21 პირი (7 ბრალდებული - 2 ივნისს, 8 ბრალდებული - 5 ივნისს, 6 ბრალდებული - 8 ივნისს) დათანხმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე საქმის განხილვა 5 ნაწილად მიმდინარეობს. საქმეზე ბრალდებული 64 პირი გადანაწილებულია ხუთ სხვადასხვა ჯგუფში - თითოეულ ჯგუფში მინიმუმ 10 -15 პირი შედის. ამ ეტაპზე განაჩენი მხოლოდ ერთ (ათპირიან) საქმეზე გამოცხადდა. 2026 წლის 7 მაისს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პოლიტიკოსებს (პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს) და სხვა ბრალდებულებს 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდა.
64 ბრალდებულიდან უმრავლესობა (59 პირი) საპატიმროში იმყოფებოდა, 3 პირს შეფარდებული ჰქონდა გირაო, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0