TeamTalk: „რეალის“ პრეზიდენტს კვარაცხელიას დამატება სურს

© Courtesy of Paris Saint-Germainხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2026
გამოწერა
ამ დროისთვის კვარაცხელია პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს - ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება, რომელმაც მეორედ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა და სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, 140 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, საფეხბურთო სამყარო მოულოდნელი ტრანსფერით შოკში ჩააგდოს, მას „პარი-სენ-ჟერმენისგან" ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს, იუწყება გამოცემა TeamTalk-ი.
4 ივნისს ფლორენტინო პერესმა სარეკორდო ტრანსფერი დააანონსა, მისი თქმით 9 ივნისს, სამშაბათს, „ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო კლუბს“ ახალგაზრდა ტოპ-ფეხბურთელში მინიმუმ 150 მილიონ ევროს შესთავაზებს. პრეზიდენტმა რამდენიმე ვარსკვლავი (მათ შორის ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, მაიკლ ოლისე და ჟერემი დოკუ) თავადვე გამორიცხა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში და არ ასპარეზობს ინგლისის პრემიერ-ლიგაში. აღნიშნულმა განცხადებამ საფეხბურთო წრეებში დიდი აჟიოტაჟი და სპეკულაციები გამოიწვია.
TeamTalk-ის მტკიცებით, „რეალის“ პრეზიდენტს სურს მადრიდში „პსჟ"-ის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიყვანა. წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბმა“ ქართველი ვინგერის პოტენციურ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო. კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა და „რეალის“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ 25 წლის ფეხბურთელი მზადაა „ლოს ბლანკოსში“ გადასასვლელად.
ამ დროისთვის კვარაცხელია პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს - ბოლო მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება, რომელმაც მეორედ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა და სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, 90-დან 140 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო - ბუდაპეშტში 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პსჟ"-მ ლონდონის „არსენალი“ პენალტების სერიაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა (ძირითადი და დამატებითი დრო — 1:1). ტრიუმფში უდიდესი როლი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც 65-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა (ის უსმან დემბელემ გაიტანა) და პარიზულ გრანდს ანგარიშის გათანაბრებაში დაეხმარა, რამაც მატჩი ჯერ დამატებით დროში, შემდეგ კი პენალტების სერიამდე მიიყვანა.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა - მოედანზე 1141 წუთი გაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„პსჟ“-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში 75 მლნ ევროდ შეიძინა. მისი კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდეა გათვლილი.
გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოიგო: საფრანგეთის ჩემპიონატი (ლიგა 1), საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა - კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გოლები გაიტანა.
ამას გარდა, „ნაპოლისთან“ ერთად ნახევარი სეზონი ჩაატარა და სერია A-ს მოგებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.
მიმდინარე წლის 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0