ბრძოლა უკანონო მაინინგთან - პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი შედეგები შეაჯამა

© Sputnik / Levan Avlabreliმაინინგის აღჭურვილობა
მაინინგის აღჭურვილობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2026
გამოწერა
ბოლო სამ დღეში შსს-ს თანამშრომლებმა ამოიღეს 212 მაინერი, რომლებიც უკანონოდ გამოიყენებოდა.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებებმა დაადასტურა, რომ მესტიის რაიონში კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგი ხორციელდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ბოლო სამ დღეში შსს-ს თანამშრომლებმა ამოიღეს 212 მაინერი, რომლებიც უკანონოდ გამოიყენებოდა.
„უკვე ხელისგულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა. ეს ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა დაადასტურა კიდეც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგი ტვირთად აწვებოდა თავად მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, მათი ელექტროენერგიით მომარაგება გართულებული იყო, რაზეც თავადაც საუბრობდნენ.
„დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავზე მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იგრძნობს სიკეთეს, რომ დატვირთვა, რომელიც უკანონო საქმიანობით ხდებოდა, აღმოიფხვრება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მესტიის მუნიციპალიტეტში ბრძოლას იწყებს კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ, რომელიც ელექტროქსელების გადატვირთვას იწვევს და ზიანს აყენებს ენერგეტიკულ სისტემასა და ადგილობრივ მოსახლეობას.
2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. ეს რაიონი მაინერებს იზიდავს, რადგანაც მაღალმთიან რაიონში მომუშავე მეწარმეებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები დაბალია, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგია უფასოა.
კრიპტომაინინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად, საქართველოს მთავრობამ 2026 წლის ივნისში გადაწყვიტა, მესტიის ყველა სოფელში ელექტროენერგიის მრიცხველები დაამონტაჟოს. ელექტროენერგიის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო დარჩება დადგენილი მოხმარების ლიმიტების ფარგლებში, ლიმიტის გადაჭარბებით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური კი უკვე ფასიანი გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0