„სწორი მიმართულებით მივდივართ“ - კალაძემ თბილისში რეგიონული ფორუმი გახსნა

© Courtesy of Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს დაარსდა, როგორც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ინიციატივა.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი იმედს იძლევა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მოძრაობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
დედაქალაქი მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების რიგით მე-16 რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით იმართება.
„ეკონომიკური ზრდა, სოციალური თანასწორობა და გარემოს დაცვა ის ფუნდამენტური საკითხებია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თბილისს, კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ინვესტიციების მოზიდვას.
„ყველას კარგად გვესმის, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ სტატისტიკა და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. ეს არის ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, განვითარებული ქალაქები, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილები; ეს არის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვას ეფუძნება“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, მხოლოდ ერთიანობით, პასუხისმგებლობისა და საერთო მიზნების გაზიარებით არის შესაძლებელი ღირსეული გარემოს შექმნა.
ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. მათ შორის, ფორუმში მონაწილეობს მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 წარმომადგენელი.
ღონისძიების მიზანია გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარება, რითაც იქმნება მდგრადი და გრძელვადიანი პერსპექტივები თანამშრომლობისა და ურბანული განვითარებისთვის.
შარშანდელი ფორუმის თემა იყო „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მაღლი დონის პლენარული სხდომები და თემატური პანელური დისკუსიები.
თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0