საქართველოს პრეზიდენტი: სამხრეთ კავკასია ცივილიზაციებს შორის დიალოგის სივრცე უნდა გახდეს

© Courtesy of Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი იდეების გაზიარების პლატფორმად იქცევა, რაც საქართველოსა და რეგიონს თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირებაში დაეხმარება.
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. სამხრეთ კავკასია არ უნდა იქცეს გეოპოლიტიკური დაპირისპირების საცდელ პოლიგონად, არამედ ცივილიზაციებს შორის სტაბილურობისა და დიალოგის სამაგალითო სივრცედ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები.
„ჩვენი რეგიონი უნდა გახდეს არა გეოპოლიტიკური დაპირისპირების პოლიგონი, არამედ სტაბილურობის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ცივილიზაციათა დიალოგის სამაგალითო სივრცე“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ შეძლო კრიტიკულად შეეფასებინა მიმდინარე გლობალური პროცესები და უკომპრომისოდ დაეცვა თავისი ეროვნული ინტერესები.
„უპრეცედენტო შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ არათუ მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ მდგრადი ეკონომიკური ზრდაც უზრუნველვყავით. ჩვენმა საზოგადოებამ შეძლო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კრიტიკული გააზრება, ობიექტური აღქმის შენარჩუნება და საკუთარი ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, სწრაფად ცვალებად სამყაროში გადარჩენის გზა მშვიდობის დაცვასა და დაბალანსებულ, მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზე გადის.
„საკმარისია აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ხუთჯერ აღკვეთა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების გარედან ორგანიზებული მცდელობა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის გრძელვადიანი გაძლიერებისთვის მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა და ეკონომიკური წინსვლა არ არის საკმარისი.
„ქვეყნის გრძელვადიანი გაძლიერება წარმოუდგენელია ჩვენი ძირძველი კულტურისა და მდიდარი ისტორიის სიღრმისეულად გააზრებისა და შემეცნების გარეშე“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი გახდება ნაყოფიერი პლატფორმა ახალი იდეებისა და ხედვების გაზიარებისთვის, რაც დაეხმარება საქართველოს და რეგიონს, ღირსეულად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს.
ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. მათ შორის, ფორუმში მონაწილეობს მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 წარმომადგენელი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მაღლი დონის პლენარული სხდომები და თემატური პანელური დისკუსიები.
ყველა ახალი ამბავი
0