საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში შეხვედრებს მართავს

© Courtesy of Parliament of Georgiaსაქართველოს პარლამენტის დელეგაცია შეხვედრებს კანადაში მართავს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შეხვედრებს კანადაში მართავს - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და კანადას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები მიმოიხილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა და კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ, აჰმედ ჰუსენმა კანადაში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლერბში გამართულ შეხვედრაზე, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო დელეგაციას კანადაში ვიცე-სპიკერი, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ჰუსენთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დონეზე.
აჰმედ ჰუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის მტკიცე მხარდაჭერა ორმხრივი კავშირების განვითარების მიმართ და აღნიშნა, რომ კანადა და საქართველო საერთო ფასეულობების მქონე მოკავშირეები არიან.
"ეს შეხვედრა ჩემთვის შესაძლებლობა იყო, დამედასტურებინა კანადასა და საქართველოს შორის არსებული მყარი დიპლომატიური ურთიერთობები. კანადა და საქართველო საერთო ღირებულებების მატარებლები არიან მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის საკითხში, განსაკუთრებით - სამხრეთ კავკასიაში. მოხარული ვარ, რომ შეხვედრა შედგა და ვიმედოვნებ, კანადასა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა აჰმედ ჰუსენმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა აღნიშნა, კანადის მხარეს დეტალური ინფორმაცია აქვს როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, კანადის მხარის დაინტერესება და ორმხრივი შეხვედრების დინამიკა იმედისმომცემ წინაპირობას ქმნის მომავალში პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად და კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის გასავითარებლად.
"კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის, ისევე როგორც კანადის მთავრობის ინტერესი - განავითაროს ურთიერთობები საქართველოსთან არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ დონეზე, ალბათ ყველაზე მთავარი გზავნილია", - აღნიშნა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულებისას.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, ამ შეხვედრებს უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები, მათ შორის, ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერებისა და საქართველოში, წამყვან სექტორებში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივით.
"ჩვენმა შეხვედრებმა ხელშესახები შედეგები გამოიღო. არსებობს დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრისას ვისაუბრეთ როგორც გეოპოლიტიკასა და ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ეკონომიკურ დიპლომატიასა და იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლითაც კანადელი ინვესტორები და საინვესტიციო ფონდები დაინტერესდებიან. ეს არის როგორც IT მიმართულება, კიბერუსაფრთხოება, საგანმანათლებლო, ასევე საზღვაო ენერგეტიკის მიმართულებები", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სალომე ქურასბედიანი.
საქართველომ და კანადამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. 2011 წელს ოტავაში საქართველოს საელჩო გაიხსნა.
საქართველო და კანადა აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროსა და ეუთოს ფარგლებში. ოტავა მხარს უჭერს თბილისის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2009 წლიდან ქვეყნები რეგულარულად მართავენ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებს.
ყველა ახალი ამბავი
0