საქართველომ და აშშ-მა ვაშინგტონში გამართულ მიღებაზე თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

© Georgia in USAსაქართელოს საელჩო აშშ-ში
საქართელოს საელჩო აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
ვაშინგტონში გამართული ღონისძიების მონაწილეებმა საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები აღნიშნეს.
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. საქართველო-ამერიკის ურთიერთობები არა მხოლოდ სტრატეგიულ ინტერესებს, არამედ საერთო ღირებულებებსაც ეფუძნება. მიმდინარე პერიოდი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს იძლევა, განაცხადეს ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებმა.
საქართველოს ელჩმა აშშ-ში თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკული კავშირი არის არა მხოლოდ დიპლომატიური და სტრატეგიული, არამედ მას აქვს ღრმა ცივილიზაციური პრინციპები.
„მიმდინარე წელი გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა გავაძლიეროთ, ჩვენი დიდებული ერების უსაფრთხოების, კეთილდღეობის და საერთო სულისკვეთების განვითარებისთვის“, - განაცხადა ტალიაშვილმა.
დიპლომატის თქმით, საქართველო და აშშ ერთნაირად აღიქვამს იმ ჭეშმარიტებას, რომ თავისუფლება მორალური საყრდენის გარეშე ვერ გადარჩება, ხოლო ძლიერი საზოგადოება დგას ღირსებასა და წყალობაზე.
ტალიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მილოცვებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ძალიან აფასებს.
მისი თქმით, ორივე ქვეყნისთვის მიმდინარე პერიოდს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ტალიაშვილის თქმით, მაშინ როდესაც შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს აღნიშვნას, საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ზეიმობს.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაინტერესებულია რიგ ქვეყანასთან ურთიერთობების გადახედვით და საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ვაშინგტონი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს ხედავს.
„ძალზედ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ ადმინისტრაციაში სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული, რიგ შემთხვევაში წლების განმავლობაში გაყინული, ურთიერთობების გადახედვის თავისუფლება მოგვცა. ვთვლი, რომ ამაში ფასეული შესაძლებლობებია და, ვფიქრობ, საქართველო სწორედ ამ რიგშია“, - განაცხადა ლანდაუმ.
მან აღნიშნა, რომ გასულ კვირას თბილისს ამერიკული დელეგაცია ეწვია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გაგრძელდება.
ლანდაუს თქმით, შეერთებული შტატები და საქართველო ცდილობენ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა გაატარონ და მათ ბევრი საერთო პრიორიტეტი აქვთ.
ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ რეგიონში გაჩენილ ახალ შესაძლებლობებს.
„საქართველოს კავკასიის რეგიონში წარმოუდგენლად სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფონზე. ვფიქრობ, რეგიონული ინტეგრაციის თვალსაზრისით ამან ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა. მე ცენტრალურ აზიაშიც ვიმყოფებოდი. ვფიქრობ, იქ ბევრი შესაძლებლობაა, ინდოეთიდან ცენტრალურ აზიამდე გადებული სავაჭრო მარშრუტის გათვალისწინებით, რომელიც კავკასიაზე გადის და შავი ზღვით ევროპას უკავშირდება“, - აღნიშნა ლანდაუმ.
მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი დაინტერესებულია თბილისთან კიდევ უფრო მეტი საერთო წერტილი გამოინახოს, იქნება ეს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ პოლიტიკის მიმართულებით.
„დადებითი განწყობით ველოდები, რომ თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობა გაგრძელდება, რათა შევძლოთ ჩვენ შორის კიდევ უფრო მეტი საერთოს გამონახვა, იქნება ეს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ პოლიტიკის მიმართულებით. შევეცადოთ, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ“,– აღნიშნა კრისტოფერ ლანდაუმ.
მისი თქმით, ღონისძიებაზე ამერიკული მხარის დასწრება უნდა აღიქმებოდეს ძლიერ გზავნილად, რომ აშშ გულწრფელად დაინტერესებული არიან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებით, „რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია“.
თავის გამოსვლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონში.
მისი თქმით, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანა წარმოადგენს მნიშვნელოვან ხიდს, რომელიც აკავშირებს ბაზრებს, ადამიანებსა და იდეებს, ხოლო შუა დერეფანი სულ უფრო მნიშვნელოვანი მარშრუტი ხდება გლობალური ვაჭრობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
„ენერგეტიკული მილსადენები, რკინიგზა, მაგისტრალები, პორტები და შავი ზღვის კავშირები საქართველოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შეუცვლელ კავშირად აქცევს“, - განაცხადა ზურაბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ენერგეტიკის დივერსიფიკაციას, ტრანსპორტირებას, რეგიონულ სტაბილურობას და უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოებას.
„საქართველოს კიდევ ერთი ფასდაუდებელი აქტივი აქვს – მისი დადასტურებული საიმედოობა“, - აღნიშნა ზურაბაშვილმა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0