საქართველო აშშ-ს „პოზიტიურ სიგნალებს“ ხედავს და დიალოგს ელის - პრემიერ-მინისტრი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ამერიკის დროშები
საქართველოს და ამერიკის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
ურთიერთობების აღდგენის მიდგომა სამართლიანობის პრინციპსა და მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოზიციებს უნდა ეფუძნებოდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. საქართველო იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება და ოპტიმიზმით აფასებს ვაშინგტონის მხრიდან შემოსულ სიგნალებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების კომენტირებისას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც ვაშინგტონს აფიქრებინებს, რომ თბილისში აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. „ჩვენ მივიღეთ რამდენიმე პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომაც, იმედია ვიხილავთ ტრაექტორიის ცვლილებას საქართველოს შემთხვევაში იმ მდგომარეობიდან, სადაც ის დღეს იმყოფება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზმით ვუყურებთ ყველა გზავნილს, მათ შორის იმ გზავნილებს, რომლებიც მოვისმინეთ უშუალოდ საქართველოში ვიზიტის დროს. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება საქართველოსა და აშშ-ს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დიალოგის შემდგომი განვითარება დამოკიდებულია შემდგომ მოლაპარაკებებზე. პრემიერის განცხადებით, მიდგომები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ეს მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს.
როგორც მან აღნიშნა, წინა წლებში ქართულ-ამერიკული უ7რთიერთობების გაფუჭება აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ქმედებებს უკავშირდება.
„თუ რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100%-ით“, - განაცხადა მან.
მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა განიხილოს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა მოქმედებს როგორც სუვერენული სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ პოლიტიკას.
„საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, წარსულში ქვეყანა მნიშვნელოვანი ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა თავისი პოლიტიკის წყალობით რისკების თავიდან აცილება შეძლო.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ სამართლიანი მიდგომითა და ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.
„უმძიმეს რამეს ითხოვდა წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდეგ ზეწოლა, წნეხი, შანტაჟი და ათასი უბედურება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით“, - აღნიშნა პრემიერმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ 1-ელ ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც „სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს". დელეგაციამ საქართველოს მთავრობას ასევე გადასცა კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა და ასევე „მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ".
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0