ახალი ლოკომოტივები და ავტომაგისტრალები - საქართველო მსოფლიო ბანკისგან სესხს მიიღებს

© photo: Sputnik / Stringerბათუმის სარკინიგზო სადგური
ბათუმის სარკინიგზო სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
პროექტის მიზანია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტის საქართველოს მონაკვეთის ეფექტურობისა და მდგრადობის გაზრდა.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ბანკის ჯგუფი 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს საქართველოს - საქართველოს რკინიგზისთვის ლოკომოტივების შესაძენად, ელექტროქვესადგურების მშენებლობისა და კახეთის რეგიონში საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობისთვის, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების საბჭომ ბორდზე დაამტკიცა სესხი - „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი — საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის“. პროექტის მიზანია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტის საქართველოს მონაკვეთის ეფექტურობისა და მდგრადობის გაზრდა.
„პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; და საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.
პროექტის ჯამური ღირებულებაა, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარი, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონ აშშ დოლარის აზიის განვითრების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობის და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დერეფნის გასწვრივ ტვირთების უფრო სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფით.
აღნიშნული ინვესტიციები მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებისა და უფრო დივერსიფიცირებული და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვისაც, აღნიშნეს უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0